სასწაულმოქმედი მაგნიტური ქვიშა - ურეკი
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთმა აწ გარდაცვლილმა მეცენატმა, ურეკში, ”იმედის ქალაქს” ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო საქართველოში ტურიზმის განვითარების პირველი სერიოზული ნაბიჯი. მაშინ დაბაში 1700 მცხოვრები იყო და ზაფხულობით მათ რიცხვს 6-7 ათასი ემატებოდა.
მეცენატმა უთუოდ იცოდა, რომ ურეკის სანაპიროს მაგნიტური ქვიშა, სასწაულმოქმედია და ბევრი სიკეთის კეთება შეუძლია.
მაშინ, იმ წლებში, ”იმედის ქალაქი” ჩემს თვალწინ შენდებოდა და ლამაზდებოდა… გაიყვანეს გზები, ქალაქში კომუნიკაცია მთლიან შეცვალეს, ააშენეს სასტუმროები, სკვერები, კაფეები, გარე განათებები, აშენდა ავტოსადგური და მთლიანად მოწესრიგდა ქალაქი… ის ტერიტორიები ადრე სადაც ჭაობები იყო, ამოაშრეს…
მაშინდელი გაკეთებული ამბულატორია ახლაც ბევრს ემსახურება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს კურორტებზე მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით უცხოელი ტურისტების მხოლოდ 1% იყო ჩამოსული. ეს კი იმის დასტურია, რომ უცხოეთში თუნდაც ურეკის ქვიშის სამკურნალო თვისებებზე არაფერს უწყიან. საქართველოში 103 კლიმატური და სამკურნალო კურორტიდან ურეკი ერთ-ერთია, რომელიც თავისი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ჯერ კიდევ იმ წლებში, როცა სრულიად მოუწესრიგებელი იყო ინფრასტრუქტურა, საქართველოს სხვადასვხა კუთხეებიდან სამკურნლოდ ჩამოდიოდნენ და შედეგით კმაყოფილებიც ბრუნდებოდნენ შინ.
ურეკში კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სანაპიროს რბილი ჰავა ზღვასთან ერთად ქმნის ბუნებრივ სამკურნალო პირობებს. პლაჟის წვრილმარცვლოვანი მაგნიტური ქვიშა შავი მურა ფერისაა. ქვიშის ძირითად მინერალებს წარმოადგენს მაგნეტიტი (5%), ტიტანომაგნეტიტი (4,5%), ილმენიტი (4,5%), მონაციტი (4,9%), ცირკონი (4,2%), გრანიტი (4,3%), დვარცი და სხვა.
ურეკის საოცარი თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის სანაპიროს, ანალოგი არ გააჩნია მსოფლიოში. კურორტ ურეკის უნიკალურობა განპირობებულია მაგნიტური ქვიშის სანაპირო ზოლზე შექმნილი ბუნებრივი, მცირე ინტენსივობის მქონე მაგნიტური ველით. მაგნიტური ველის გამაჯანსაღებელ თვისებებს კაცობრიობა ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იცნობდა. მას სამკურნალოდ იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები, ინდოელი იოგები.
სპეციალისტების მტკიცებით, ურეკის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები – სუბტროპიკული კლიმატი, ზღვა, მზე და მაგნიტური ქვიშა, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ, როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა კონტინგენტისათვის:
- გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (ჰიპერტონული დაავადება I – II სტადია, გულის ქრონიკული იშემიური დაავადებები, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია, ქვემო კიდურთა მაობლიტირებელი დაავადებები).
- საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატიული და ინფექციური პოლიარტრიტი ქრონიკულ სტადიაში, მალეფორმირებული ოსტრეოართროზი, ოსტრეოქონდროპათიები და სხვა).
- ნერვული სისტემის დაავადებები (დეპრესია, ჰიპერტონული ფორმის ნევროზი, კლიმაქტერიული ნევროზი, ნევრალგია, ცერებრალური ინსულტის ნარჩენი მოვლებები).
- ბავშვთა კონტინგენტის დაავადებები (სპინალური რბილი დამბლები, სამეაონი დამბლები, პოლიომელიტის ნარჩენი მოვლენები, პერთესის დაავადება, რაქიტი).
- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი ქრონიკული უროგენიტალური დაავადებები.
სამკურნალო ფაქტორების გამოყენებას განსაკუთრებით დადებითი შედეგები აქვს ბავშვთა დაავადებების მკურნალობის დროს.შავიზღვისპირა მაგნიტური ქვიშები ცნობილია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან.
პირველნი, ვინც თავის თავზე გამოსცადეს ურეკის ქვიშის სასწაულმოქმედი თვისებები, იყვნენ ახლომდებარე სოფლის მცხოვრებნი, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ მაგნიტურ ქვიშასთან. ისინი განიკურნენ მრავალი ქრონიკული დაავადებებისაგან. მას შემდეგ მაგნიტური ქვიშის თვისებებით დაინტერესდა ფართო საზოგადოება, მედიცინის მუშაკები და კვლევითი ინსტიტუტები. თანამედროვე მედიცინაში ფართოდ იყენებენ ხელოვნურად შექმნილ მაგნიტურ ველებს, როგორც ფიზიოთერაპიულ საშუალებას, ”მაგნიტოთერაპიის” სახელწოდებით. სამეცნიერო გამოკვლევებით დადგინდა მაგნიტური ველის სასიკეთო ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე. მაგნიტური ველის მოქმედებით იცვლება ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები, იწვევს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, ქსოვილების რეგენერაციის სტიმულირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს და ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. მაგნიტოთერპიას ფართოდ იყენებენ გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, ორთოპედიაში, კოსმეტოლოგიაში, სპორტულ მედიცინაში, გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემისა და სხვადასხვა სახის დაავადებების დროს.
თუმცა მედიკოსები უკუჩვენებებზეც საუბრობენ და ურეკში დასასვენებლად გამგზავრებას არ ურჩევენ მათ, ვისაც აქვს ავთვისებიანი სიმსივნეები, სისხლის ყველა დაავადება, ტუბერკულოზი, საშუალო და მძიმე ფორმის ასთმა და სხვა.
ქართული ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს არ სთავაზობს. ექსპერტების თქმით, ცუდი ინფრასტრუქტურა და რეკლამის არარსებობა არის მთავარი პრობლემები, რაც აფერხებს საქართველოში სამკურნალო ტურიზმის განვითარებას. არადა, უპრიანია იქნებოდა, ამგვარი კურორტების დარეკლამება საზღვარგარეთ, რადგან ამ სექტორის განვითარება დიდძალ შემოსავალს მოუტანს, როგორც ადგილობრივ მეწარმეებს, ასევე სახელმწიფოს.
რაც შეეხება თავად ურეკს, ძველი დროიდანვე დასახლებული პუნქტი იყო. მდინარე სუფსის შესართავთან სხვადასხვა დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების რამდენიმე განძი. დათარიღებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. XVIII, XVII სს. (დ. ქორიძე და ა. რამიშვილი), ძვ. წ. XV, XIV სს. (თ. მიქელაძე). განძი მნიშვნელოვანია კოლხური ბრინჯაოს პერიოდიზაციის, წარმომავლობისა და ტიპოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით. 1942 წელს ზღვისპირა დიუნის ყრილში ნაპოვნია გვიანანტიკური ხანის ნივთების განძი, რომელიც შეიცავდა III ს-ის ოქროსა და ვერცხლის რომაული მონეტები. არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი “ნა-ეკ-ურ-ა” ამტკიცებს ურეკის განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.
ekofact.com, ჟურნალისტი ოლიკო ცისკარიშვილი
Комментарии
Отправить комментарий