გურულების პროტესტი – “ვაი იმ ქვეყანას სადაც ‘’მე’’ ხშირია და ‘’ჩვენ’’ იშვიათი“




ავტორი გიორგი გირკელიძე - გასულ კვირას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის მოსახლეობამ მდინარე ბჟუჟიდან ქვა-ღორღის ამოღება გააპროტესტა. “ჭაში წყალი არ გვაქვს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ასევე, მდინარეში გაჩნდა ჭები. არავინ  იცის, ვის რა დაემართება და ვინ ჩავარდება ჭაში,“ - გვითხრეს ადგილობრივებმა.
მდინარეში ქვა-ღორღის ამოღებასთან დაკავშირებული პროტესტი გასულ წელს აქტიურად სოფელ ლიხაურიდან დაიწყო.

სამოქალაქო აქტივისტის ირმა გორდელაძის თქმით, ინერტული მასალის მოპოვება კანონდარღვევით ხდება. ირმა გორდელაძე და მისი თანამოაზრეები სოფელში არსებული კარიერების გაუქმებას ითხოვენ, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, მიმდინარე პროცესები, დროთა განმავლობაში, ნიადაგის ჩამოშლას გამოიწვევს და საფრთხე შეექმნება მდინარის ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობას. გარდა ამისა, დაშრება ჭები და მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე დარჩება.

 ჯანიკო გორდელაძე, სოფელ ლიხაურის მცხოვრები: _ მე ვარ ლიხაურელი, პატრიოტი ადამიანი. ამ ჭალაში დავიბადე და გავიზარდე. ყველას ვთხოვთ _ ექვთიმე თაყაიშვილის ხათრიზა, ერთი სოფელი გურიაში დათმონ და არ ააოხრონ. საჭმელს არ ვითხოვთ, სასმელს არ ვითხოვთ და ამ მდინარეს ნუ გადაგვირევთ. კაცმა საღორე  რომ ააშენოს, მდინარის სანაპიროდან ერთი ტომარა ხრეშის  გამოტანის უფლება არ აქვს. თუ გამოიტან, მაშინვე 500 ლარით დაგაჯარიმებენ და აგერ, ოთხ-ხუთ კაცს მილიონი ტონა მიაქვს.ხელისუფლებამ უნდა მოგვაქციოს ყურადღება, თორემ საპროტესტო აქციებს არ მოვაკლებთ. მთელი სოფელი დავდგებით ფეხზე, სანამდე არ ჩამოგვშორდება ეს ხალხი.’’

რამაზ სირაძე: _ ‘’25 წლის წინ ამ ქუჩაზე სტიქია იყო, წაიღო გზა, ელექტრობოძები და ჩვენ, მოსახლეობამ თავიდან გავაკეთეთ. არ მინდა ეს განმეორდეს! მე ამ ქვეყნად ერთი გოგო და სიძე მყავს. ყველამ იცის ჩემი ტრაგედია. დაფიცებული მაქვს _ ვინმე აქ მუშაობა არ დაიწყოს, თორემ ქვა მექნება _ ქვას ვესვრი, თოფი მექნება _ თოფს ვესვრი! თუ ვერ გამოვალ ცოცხალი ამ ბრძოლიდან, ჩემი სოფლის წინაშე ვალი მოხდილი მექნება.’’
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსს მაია ზავრიშვილს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსს ნინო თანდილაშვილს საქმით დაინტერესებას თხოვდ და ასეთი საპასუხო წერილი მიიღო:

"სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ გახორციელებული იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურისა და მაკვანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყალზე /  "სალომე ვაშალომიძეზე", ფიზიკურ პირზე ლავრენტი ქვილორიაზე, ფიზიკურ პირზე არჩილ კუნჭულიაზე, ფიზიკურ პირზე ბიჭიკო ანთაძეზე და შპს "კავკაზ ცემენტ ჯორჯიაზე" გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების შესრულების მდგომარეობის დათვალიერება/შესწავლა.
ადგილზე დათვალიერება/შესწავლით დადგინდა, რომ არჩილ კუნჭულია, ბიჭიკო ანთაძე და "კავკაზ ცემენტ ჯორჯია" არ აწარმოებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებით სამუშაოებს, შესაბამისად, აღნიშნული ლიცენზიის პირობების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირდა.

ლავრენტი ქვილორიას და სალომე ვაშალომიძის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გახორციელებულია წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე, რაზედაც ლავრენტი ქვილორიას მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ხოლო სალომე ვაშალომიძის მიმართ _ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომლებიც განსჯადობის მიხედვით გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში.
ასევე, დათვალიერება/შესწავლით და მასალების  კამერალური დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ სალომე ვაშალომიძეს ქვიშა-ხრეშის მოპოვებით სამუშაოები გახორციელებული აქვს ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ, რასთან დაკავშირებითაც, კომპეტენციის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით, მასალები გაიგზავნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სასამართლოში", _ წერილს ხელს აწერს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კარლო ლაფერაძე.

ამ ეტაპზე სოფელ ლიხაურში ქვა-ღორღის მოპოვება შეჩერებულია, მაგრამ სოფლებში ძიმითში, კვირიკეთში, მაკვანეთში კვლავ გრძელდება. მოსახლეობის აქტიურობა  ისევ მაღალია. მაგალითად, სოფელ შემოქმედში დიდი ვნებათაღელვა მოყვა მცირე ჰესის მშენებლობას. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ჰესის მშენებლობის ნებართვა დავით ბეჟუაშვილმა უკვე მოიპოვა, რის შემდეგ დაიწყეს მოსახლეობასთან მოლაპარაკებ. სოფელი კი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია და, შესაბამისად, არაერთი საპროტესტო აქცია-შეხვედრა გამართეს.
სოფელი არ დაუშვებს კიდევ ერთი ჰესის მშენებლობას! –“ვაი იმ ქვეყანას, სადაც მე ხშირია და ჩვენ იშვიათი“(ილია) - ასეთი წარწერიანი ბანერი ახლაც ამშვენებს სოფელ შემოქმედის ცენტრს.

 ბრძოლა ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ გრძელდება. ეს ბრძოლა ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

 უკანონო ქვა-ღორღის მოპოვებასთან დაკავშირებით აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი მედიასაშუალებები: “გურია ნიუსი“, “გურია ტვ“, “ალიონი“, “გურიის მოამბე. ასევე ტელეკომპანია “რუსთავი 2“, “საზოგადოებრივი მაუწყებელი“, “აჭარის ტელევიზია“ და “იმედი“.

პ.ს. სტატიაში გამოყენებულია გურია ტვ-ს სიუჟეტი. 




Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სოფელ მთისპირში აღმოჩენილი ორი ტბა

ულამაზესი შრომა

შეკვეთილი- ადგილი სადაც ნახავ მთელ საქართველოს და მოუსმენ მთელ მსოფლიოს